ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის ქვეყნის სუვერენიტეტზე, ევროკავშირის კრიტერიუმებსა და მოთხოვნებზე საუბრობს, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „დარწმუნებული არ ვარ, რომ რეალურად გვესმის ერთმანეთის, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რას ნიშნავს, იყო ევროკავშირის წევრი. რეალურად თმობ შენი სუვერენიტეტის ნაწილს. ასე მუშაობს ეს,“ – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა ნაწილობრივ სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს, თუმცა, ეს ნებაყოფლობითი არჩევანია. სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. პირიქით, განმარტავენ, რომ ღირსებით ევროპისკენ სიარული ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერების ხარჯზე უნდა მოხდეს.