რეზონანსული გაგრძელება მოჰყვა ბერლინში საქართველოს პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტს.
განცხადება, რომელიც ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე გაკეთდა, მმართველი გუნდისთვის პირდაპირი აღიარებაა. პოლიტიკური სპექტრისთვის მაისში შეთავაზებულ ქარტიაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებად მიიჩნევს. ფაქტია ისიც, რომ ქარტია, ისევე როგორც წინასაარჩევნო გარემო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების აუდიენციაზეც. ბერლინში ნათქვამი ფრაზა მმართველი გუნდისთვის გარე ჩარევის კიდევ ერთი მტკიცებულება და დამატებითი არგუმენტია იმაში დასარწმუნებლად, რომ პრეზიდენტი და მასთან ერთად მთელი ოპოზიციური სპექტრი არჩევნების წინ საერთაშორისო პარტნიორების მითითებებით მოქმედებს. იკვეთება თუ არა უცხოელი აქტორების როლი და გავლენა ქარტიაზე, რომელიც პრეზიდენტის ჩართულობით დროებითი მთავრობის დაკომპლექტებას და ერთ წელიწადში ხელახალი პარლამენტის არჩევას გულისხმობს – პრეზიდენტის ბოლო განცხადების შემდეგ ხელმომწერებს განმარტებების გაკეთება უწევთ.