ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს, – ასეთი იყო ევროკავშირის ლიდერებისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები, რომლებიც მათ დღეს ევროპარლამენტში, ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე გააკეთეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ამ კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს მშვიდობას და ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში. ამასთან, როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, ევროპა არ ეომება რუსეთს და მისი მიზანი არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და განიხილოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადები. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და თქვა, რომ ევროპული ოცნება ახლა ყველაზე მეტად სწორედ უკრაინელ ხალხში ანათებს.