ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მწვავე შინაარსის კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო.
495 მომხრე, 73 წინააღმდეგი – ასეთია კენჭისყრის შედეგი. განხილვების და დებატების შემდეგ პროექტს რამდენიმე შესწორება დაემატა. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების, რუსეთისთვის სანქციების დაწესების, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ბოლო თვეებში მიღებული რეზონანსული კანონების გაუქმების გარდა, რეზოლუციის ავტორები არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებასაც ითხოვენ. მკაცრად არის გაკრიტიკებული მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის მეორედ დაწყება. დოკუმენტში საუბარია უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვაზეც. ანტიდემოკრატიული კანონები, თავდასხმები მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიის უკუსვლა, ძალადობა, დევნა, რეპრესიები, პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა – 14 დეპუტატის მიერ მომზადებულ ტექსტში მძიმე ფორმულირებებია. საკმაოდ ხმაურიანი განცხადებების ფონზე ჩაიარა პოლიტიკურმა დებატებმაც. გაჟღერდა გასხვავებული პოზიციებიც. რეზოლუციის გარკვეული პუნქტები რამდენიმე ევროპარლამენტარმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებში ჩარევად შეაფასა. დაინიცირდა შესაბამისი შესწორებაც, თუმცა ის რეზოლუციის საბოლოო რედაქციაში ვერ მოხვდა.