ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის გარშემო ორად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი.
მმართველი გუნდი ევროპელი დეპუტატების ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებად აცხადებს. სწორედ მათ პოლიტიკურ ინტერესად სახელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ უკვე მესამე რეზოლუციაში მოხვდა. 425 ხმით გუშინ მიღებულ დოკუმენტში განსაკუთრებული ვნებათაღელვა სწორედ იმ ჩანაწერმა გამოიწვია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კლინიკაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. და ეს მაშინ, როცა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი პარტიაც აღარ აპელირებს. თუ წინა რეზოლუციებში ევროპელი დეპუტატები ექიმთა კონსილიუმის და ექს-პრეზიდენტის ოჯახის მიერ მოწვეული სპეციალისტების დასკვნებს იშველიებდნენ, ახლა სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზად მხოლოდ ჰუმანიტარული საფუძვლებია მითითებული. მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობებთან ერთად „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის დარღვევა ვერ დაადგინა და სამკურნალოდ ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანაზე უარი თქვა.