არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი.
ქართული ოპოზიციის არაერთი განცხადების შემდეგ, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს. დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, რა სახის სანქციებზეა საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ორ ქვეყანას ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერი სანქცია დიდწილად მხოლოდ საქართველოს დააზარალებს. მმართველ პარტიაში, სადაც დღეს რეზოლუცია და მისი ავტორები მწვავედ გააკრიტიკეს, დარწმუნებულები არიან, რომ ჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გარე ძალები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხელოვნურად დაძაბვას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ.
რა სახის სანქციები უნდა დაუწესოს საქართველომ რუსეთს – ამ კითხვაზე პასუხი არც ხელისუფების ოპონენტებს აქვთ. ოპოზიცია, რომელიც პარტნიორების მოწოდებებს წარსულში ხშირად იმეორებდა, დღეს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, ექსპერტები კი იმ საგანგაშო მონაცემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რასაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება ქართულ ეკონომიკას მოუტანს.