ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ რიგით მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხში კარგ თანამშრომლობას. ასევე წევრი ქვეყნების ანგარიშში აღნიშნულია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოების სფეროში. ანგარიშში საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებაც არის საუბარი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც. „2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშვნის ძველი სისტემით, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რჩევებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, – ნათქვამია დოკუმენტში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომებიც კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო აპლიკაციების საკითხის გადასაჭრელად, ისევე როგორც ფულის გათეთრების, კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის წინააღმდეგ სფეროებში. დოკუმენტში ასევე წერია: „დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით“.