ევროკომისიის დავალების გარშემო პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მოცემულობა ვერც ევროკავშირის ელჩის ბოლო მოწოდებამ შეცვალა. პაველ ჰერჩინსკიმ ყველა პოლიტიკურ ძალას უთანხმოების გვერდზე გადადებისკენ და რეფორმებზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. თუმცა, „ლელო“ არჩეული ტაქტიკის გადახედვას, როგორც ჩანს, არ აპირებს. მამუკა ხაზარაძის გუნდი ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და სამუშაო ფორმატში ჩართვას არ აპირებს. 2022 წლისგან გასხვავებით, სტრატეგია შეცვალა და ყველა ფორმატში მონაწილეობა დააანონსა ოპოზიციის იმ ნაწილმაც, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის პროცესს ორი წლის წინ გაემიჯნა. ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად მომდევნო შეხვედრა მომავალ კვირას იგეგმება. მმართველი გუნდი ოპოზიციისგან გასატარებელ რეფორმებზე წინადადებებს ელის. ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები.