პარლამენტის სამუშაო ჯგუფები ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობას აგრძელებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მსჯელობს. საუბარია იმ მექანიზმებზე, რის საფუძველზეც ამ უწყებების საქმიანობა უფრო დამოუკიდებელი და ეფექტიანი უნდა გახდეს.
დღევანდელ დახურულ სხდომაზე შეხვედრის ყველა მონაწილემ საკუთარი წინადადებები და ხედვები წარადგინა, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, კონკრეტულად რომელ საკითხებზე იმუშავებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეოთხე პუნქტია. სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის ამ მოთხოვნის შესასრულებლად კანონპროექტებს მოამზადებს და პარლამენტში 19 ოქტომბრამდე დაარეგისტრირებს. კანონპროექტების დამტკიცება კი საკანონმდებლო ორგანოში პირველ დეკემბრამდე იგეგმება.