ბრიუსელის დადებითი შეფასება თბილისს – ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერია.
ევროკომისიამ სამი ქვეყნის მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შემდეგ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ შევსებული კითხვარები შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოიცავს 32 მიმართულებას და ამოწმებს ქვეყნების შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. როგორც გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, საქართველო ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. თუმცა, როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, სხვადასხვა მიმართულებით სამუშაო ისევ ბევრია. ევროინტეგრაციის გზაზე, შემდეგი ეტაპი უკვე საქართველოს მხრიდან 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ევროკომისია გაზაფხულიდან უკვე 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხს შეისწავლის და წლის ბოლომდე გადაწყვეტს, უნდა მიენიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.