ევროკომისია დღეს პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს
ევროკომისია დღეს პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ევროკავშირში სულ უფრო მეტი უჭერს მხარს ვარშავისთვის ხმის უფლების დროებით ჩამორთმევას.
საქმე ეხება სადავო სასამართლო რეფორმას, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებამ, ბრიუსელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთს სანქციებს დაუწესებენ, ხმის უფლების გარდა, ვარშავა მილიონობით დოლარის ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას დაკარგავს.
ბრიუსელში ამტკიცებენ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმა მოსამართლეების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. რეფორმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ხელს პრეზიდენტი მოაწერს. ანჟეი დუდას ამისთვის ვადა 5 იანვრამდე აქვს.