ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა

საქართველო ბრიუსელიდან კითხვარის მოლოდინში.

ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროცედურისთვის ემზადება.

ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაგზავნის შემდეგ საქართველო კანდიდატის სტატუსს ითხოვს, რისთვისაც ევროკომისიიდან გამოსაგზავნი კითხვარის შევსება და ასეულობით კითხვაზე პასუხის გაცემაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რამდენად ასრულებს ქვეყანა საშინაო დავალებას და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს. კითხვარის შევსების პროცესს მონიტორინგს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია გაუწევს, რომელმაც დღეს პრემიერის ხელმძღვანელობით შესაბამისი გეგმა დაამტკიცა და დავალებები გასცა. გადაწყდა, რომ სხვადასხვა თემატიკის კითხვებზე პასუხების გასაცემად შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, ასევე გააქტიურდება დიალოგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. დავალებაა, რომ პროცესის გარშემო დეტალურად იყვნენ ინფორმირებული როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები.