ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი

მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირიდან ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემა აქტიურდება.

მმართველი გუნდი რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის დაბლოკვის მცდელობაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ირწმუნებიან, რომ ბრალდებები კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ხელისუფლება ოპონენტების ნაწილს ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

რეაქციები არაერთგვაროვანია. ოპოზიციის ნაწილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესის ხელოვნურად შეფერხების მცდელობას არ გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება წინასწარ ნიადაგს ამზადებს და მოსალოდნელი წარუმატებლობის ოპონენტებისთვის გადაბრალებას ცდილობს. ამ თემაზე დისკუსია პარლამენტში გაგრძელდება – ევროინტეგრაციის საკითხზე ხვალ დებატები გაიმართება.