ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა - შეფასებები

საქართველო ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თვის ბოლოს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე გაირკვევა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საქართველოს განაცხადის შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველ გუნდს აკისრებს და „ქართულ ოცნებას“ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გათვალისწინებით უნდა მიიღოს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ასოცირებულ ტრიოს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას აუცილებლად უნდა მიანიჭოს. ბრიუსელიდან სამი ქვეყნისთვის პოზიტიურ გზავნილებს ელოდებიან მმართველ გუნდში და ევროინტეგრაციის გზაზე ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადონ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.