პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში განიხილეს, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა. პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა. ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის საფუძველზე, საქართველომ ასოცირებული ქვეყნის სტატუსიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. შესაბამისად, ევროკომისია საქართველოს შესახებ ყოველწლიურად მოამზადებს შეფასების ანგარიშს, გაწევრიანების პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად.