რამდენ ხანს მოუწევს განაცხადის გაკეთების შემდეგ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ლოდინი – ევროპარლამენტში დისკუსია დაიწყო.
სტრასბურგშია და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს ხვდება პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი. გზავნილები პოზიტიურია, რაც ქართულ მხარეს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს. დეპუტატები თანხმდებიან, რომ ევროკავშირიდან აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასოცირებულ ქვეყნებს მეტი მხარდაჭერა სჭირდება, კანდიდატის სტატუსი კი რუსული აგრესიის ფონზე დროული პოლიტიკური ჟესტი იქნება. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპარლამენტში პროცედურების დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობენ. პროცედურა კი ასეთია: ახლა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროკომისიამ ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და შეაფასოს, რამდენად მზად არიან ქვეყნები შესაბამისი სტატუსის მისაღებად. იგულისხმება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი. ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ კი საბოლოო სიტყვა ევროკავშირის საბჭომ უნდა თქვას.