ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი

პოლიტიკური ვნებათაღელვის თემა ხდება თბილისში მაღალი რანგის სტუმართა ვიზიტი.

საქართველოში ევროკავშირიდან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და დიდი ბრიტანეთიდან ის ადამიანები ჩამოდიან, რომლებიც სანქციების საკითხებზე მუშაობენ. პრემიერთან და მთავრობის წევრებთან დაგეგმილი შეხვედრების მიზანი რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების მონიტორინგი და სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებაა. ოფიციალური თბილისი მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებს სანქციების აღსასრულებლად საზღვრებზე მიღებული საგანგებო ზომების და მონიტორინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. იყენებს თუ არა რუსეთი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილად – კითხვა აქტუალური უკრაინიდან გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალმდებელ მხარეს არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც პრეტენზიები არ გამოთქმულა, ოპოზიციის ნაწილს მაინც აქვს გარკვეული ეჭვები, რაც თბილისში დაგეგმილმა ვიზიტმა კიდევ უფრო გააძლიერა.