ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს და ჯოზეფ ბორელის გზავნილებს თბილისში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მინისტერიალმა და ევროკომისრის განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებამ და ევროდირექტივების ჩაგდებამ ევროკავშირის გზაზე მიღწეული შედეგის შესაძლო გადახედვა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სანქციებში ხედავს, „ქართული ოცნებისთვის“ კი დასავლეთიდან გამჭვირვალობის კანონის გამო გაჟღერებული კრიტიკა გაუგებარია. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტერიალზე მსჯელობის ძირითადი საკითხები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებასთან ერთად, საქართველო იყო. ევროპელი დიპლომატები ჯოზეფ ბორელის მიერ შეთავაზებულ ზომებს განიხილავდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საპასუხოდ. მინისტერიალის შემდეგ, ჯოზეფ ბორელმა შემაჯამებელი განცხადება მედიასთან გააკეთა და განაცხადა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება საქართველოს ევროკავშირს აშორებს. მისივე თქმით, ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შეწყვეტას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნება არ სჭირდება.