ლუქსემბურშგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტერიალი მიმდინარეობს. მას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. განსახილველ საკითხებს შორის არის საქართველოც და „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის შედეგებს. მისი თქმით, ფაქტია, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება და გაუქმდება კიდეც.
ლიდერების საუბრის მთავარი თემა მინისტერიალზე უკრაინაში მიმდინარე ომია. ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გაიმართება არაფორმალური შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მინისტერიალზე ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც.