„ბრიუსელის გზავნილია, რომ საქართველოს მხარდაჭერა მის დღის წესრიგში რჩება“ – ამის შესახებ ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა, ვინჩენცო კოპპოლამ განაცხადა, რომელმაც ამ თანამდებობაზე პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის სწორედ თბილისი შეარჩია.
„მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კოპპოლამ ბრიუსელის გზავნილები გააჟღერა და აღნიშნა, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გახანგრძლივება ევროკავშირის მხარდაჭერის ნათელი დასტურია. რესპონდენტის თქმით, ამ ეტაპზე მისიის მანდატის ისე გაფართოვება, რომ მან მოიცვას ოკუპირებული ტერიტორიებიც, არ განიხილება, რადგან ამის ნება არ გააჩნია რუსეთის ფედერაციას. მიუხედავად ამისა, კოპპოლას მოლოდინი ოპტიმისტურია, ის თვლის, რომ გალის, ერგნეთისა თუ ჟენევის ფორმატებში დისკუსიები მნიშვნელოვან შედეგამდე შეიძლება მივიდეს.
კოპპოლა მსოფლიო მასშტაბით, ევროკავშირის ეგიდით მოქმედ ათივე სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს.