ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 12 რეკომენდაცია გაწერილია, თუმცა ქართული პოლიტიკური სპექტრი პირველივე პუნქტზე ვერ თანხმდება.
ხელისუფლებას და ოპოზიციას პოლარიზაციის შემცირების მოთხოვნა სხვადასხვანაირად ესმით. მმართველი გუნდი 12-ვე პირობის შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა, ანუ მთავრობის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის დანიშვნა დეპოლარიზაციასთან წინააღმდეგობაში მოდის. თავის მხრივ ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის პოლარიზაციის შემცირება და ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი რეფორმების შესრულების გზა სწორედ ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე გადის იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლებას მათ თვალში ნდობა დაკარგული აქვს. რა ლეგიტიმაცია ექნება ტექნიკურ მთავრობას და რის საფუძველზე ან ვინ უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები – ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით იდეა არასერიოზულად მიაჩნიათ და ახალი ინიციატივის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებიც.