საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება – ამ გზავნილით ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე პრაღაში, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტზე განიხილეს. ჩეხეთის დედაქალაქმა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტთა სპიკერების სამიტს უმასპინძლა. „დღეს არ არის ღია კარზე საუბრის დრო“, – ეს იყო შალვა პაპუაშვილის გამოსვლის მთავარი აქცენტი. კოლეგებისადმი მიმართვის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის მიმართ საყვედურიც გამოთქვა და მას ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენციაზე მიუთითა. კონფერენციის პარალელურად იყო ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს დაეთმო.