ევროკავშირის მოწოდება

„ევროკავშირი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას შეწყვიტოს რუსეთის უკანონო საომარი ძალისხმევის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელი განცხადებაში.

„ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობების შესახებ, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეა ჯარებს აგზავნის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომში მონაწილეობის მისაღებად. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების სერიოზულ დარღვევას. ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის ცალმხრივი მტრული აქტი, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროპული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ავრცელებს რუსეთი არასტაბილურობას და ესკალაციას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის გაღრმავებულ სამხედრო თანამშრომლობასა და იარაღის მიწოდებას, რაც აშკარად არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას.