ევროკავშირის მედიაცია - მზადება დიალოგისთვის  

ორშაბათიდან ევროკავშირის მედიაციით დიალოგის მეორე რაუნდი იწყება.

კრისტიან დანიელსონი თბილისში სავარაუდოდ ზეგ დაბრუნდება. საინტერესოა, ჩამოიტანს თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი რაიმე წინადადებას, რამაც მხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევის შანსი შესაძლოა გაზარდოს. თუ საქართველოში ევროკავშირის ელჩის დღევანდელ განცხადებას გავითვალისწინებთ, ევროკავშირის პროგნოზი ოპტიმისტურია. ფაქტია, რომ ვადამდელი არჩევნების და მელია-რურუას საქმეებზე ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები ურყევია. მმართველი გუნდი ოპონენტებს საერთაშორისო მოწოდებების გათვალისწინების და პარლამენტში მუშაობისკენ მოუწოდებს, ოპოზიციის ნაწილი კი უთანხმოების მთავარ საკითხებზე შვედი დიპლომატისგან „ქართული ოცნების“ მიმართ მიდგომის გამკაცრებას ელის. მმართველი გუნდის მიერ ერთ-ერთ დათმობად გამოცხადებული საარჩევნო რეფორმა და ბარიერის 3%-მდე დაწევის ინიციატივა ოპონენტებისთვის არასაკმარისია.