ვერსალის სასახლე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
საფრანგეთმა ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს უმასპინძლა. უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის წევრობაზე ის განაცხადები იყო, რომლებიც უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან მიიღეს. ევროპული საბჭო ევროკომისიას მიმართავს, რომ სამ ქვეყანასთან დაკავშირებით დასკვნები მოამზადოს.
„ევროკავშირის კარი ღიაა, კავშირების გაძლიერება აღმოსავლელ პარტნიორებთან აუცილებელია“, – ასეთია გზავნილები ვერსალიდან. უკმაყოფილოა უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც არ მალავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაჩქარებაზე ვერსალის სამიტიდან მეტი მოლოდინი ჰქონდა. ზელენსკი ამბობს იმასაც, რომ იცის, ვინ დუმს და ვინ არ გამოხატავს უკრაინის გაწევრიანების მიმართ საკმარის მხარდაჭერას.
ოპტიმისტურია ქართული მხარის პროგნოზი. სამიტის შემდეგ ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის, ანუ ასოცირებული ტრიოს განაცხადების განხილვა და კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილების მიღება არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად მოხდება.