ოთხდღიანი დაძაბულობის და მწვავე უთანხმოების შემდეგ ევროკავშირში კონსენსუსს მიაღწიეს.
ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად ორგანიზაციიდან 750 მილიარდი ევრო გამოიყოფა. თანხა ქვეყნებზე პანდემიის პირველი ტალღის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბების მიხედვით გადანაწილდება. ბუნებრივია, ყველაზე მეტ ფინანსურ რესურსს კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული იტალია და ესპანეთი მიიღებენ. სწორედ თანხის რაოდენობა და დახმარების პირობები იყო უთანხმოების მთავარი თემა. ორ ბანაკად გაყოფილი ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სამიტზე საბოლოოდ კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მაინც მოხერხდა, თუმცა ამისთვის ყველა მხარემ დათმო. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის დამტკიცებას ისტორიულ გადაწყვეტილებად და ევროკავშირის ასოცირებული წევრებისთვის მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა.