ევროკავშირმა სლოვაკეთს, დემოკრატიის შეზღუდვის მიზეზით, შესაძლოა, დაფინანსება შეუჩეროს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს „ევროკავშირი ამზადებს წინადადებას სლოვაკეთის დასასჯელად დემოკრატიული რეფორმების შეჩერების გამო“. სტატიის მიხედვით, განხილვის პროცესშია ბრატისლავისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფინანსური სახსრების დაბლოკვა. სააგენტოს წყაროების თქმით, ეს არის პასუხი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებაზე, გააუქმოს სპეციალური პროკურორის ოფისი, რომელიც ევროპული ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებულ მრავალ კორუფციულ საქმეს ზედამხედველობდა. წყაროების ცნობით, პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა და ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანხმობა სჭირდება. „ბლუმბერგის“ მიხედვით, სლოვაკეთის სახელმწიფო ინვესტიციების თითქმის 80 პროცენტი ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსდება. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამ ფონდებზე წვდომის ნებისმიერი პრობლემა სერიოზული დარტყმა იქნება სლოვაკეთისთვის, სადაც უკვე ფიქსირდება გადაჭარბებული საბიუჯეტო დეფიციტი.