ევროკავშირის დელეგაციის განცხადება

ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, 2008 წლის 8 სექტემბრის ზომები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ რეგიონებზე წვდომით უზრუნველყოს.

ევროკავშირი აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების კუთხით. ასევე, მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე.