აშშ-ის შემდეგ საქართველოს მიმართ მძიმე გზავნილები ჟღერდება ბრიუსელიდან.
ევროკავშირის ელჩი საქართველოს გაწევრიანების პროცესს ამ ეტაპზე შეჩერებულად აცხადებს. პაველ ჰერჩინსკის კომენტარის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ორი კვირის წინ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების პასუხად ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის განკუთვნილ სამხედრო პროგრამასაც წყვეტს. იგულისხმება თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გათვალისწინებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ გამოიყოფა. ელჩმა დღეს რამდენჯერმე ახსენა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები, რომლებსაც ანტიდასავლურ რიტორიკად მიიჩნევს და მთავრობის მიმართ პირდაპირი მხარდაჭერის შემცირების პარალელურად მედიის და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებას აანონსებს. კეთდება მინიშნება შესაძლო პერსონალურ სანქციებზეც. როგორ აისახება ევროკავშირის ბოლოდროინდელი გზავნილები და გადაწყვეტილებები ქვეყანაზე, რომელიც წლის ბოლოს წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება – მოლოდინები არაერთგვაროვანია. ბრიუსელის გადაწყვეტილებები გაუგებარია ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას გამორიცხავს.