ქართული მართლმსაჯულება ერთ-ერთია იმ სფეროებს შორის, სადაც ევროკავშირი ბოლო ანგარიშში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს.
დოკუმენტის ავტორთა რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. განსაკუთრებული აქცენტი უვადოდ გასამწესებელ კანდიდატებზე კეთდება. ანგარიშის მიხედვით, ხარვეზებია მედიის პლურალიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. დოკუმენტში ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას აფასებს. შეჯამებულია 2018 წელს გატარებული რეფორმები, ასევე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. ანგარიშის ავტორები ხელისუფლებას ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.