ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ჟოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს. როგორც ბორელი ამბობს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში რუსეთს ანკარა არ უნდა ეხმარებოდეს. მან თურქეთს შეახსენა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და ბრიუსელი მისგან ევროკავშირის სანქციების დაცვას ელოდება.