ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბლოკს ღაზის სექტორში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო, ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება შესთავაზა. ეს ინფორმაცია ოთხმა დიპლომატმა „როიტერთან“ საუბრისას დაადასტურა. პოლიტიკური დიალოგის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის ყველა, 27 წევრი ქვეყნის თანხმობა, რაც დიპლომატების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღონ. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა პროტესტი, როდესაც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მათ ეს წინადადება გააცნო. გაერო-ს მონაცემებით, ომში დაღუპულთა თითქმის 70% ქალები და ბავშვები არიან. ისრაელმა კატეგორიულად უარყო ეს ანგარიში და განაცხადა, რომ მისი სამხედრო მოქმედებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს.