ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას, წელიწადში ათ მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ქადრი სიმსონმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს მჭიდრო ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. „აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა. მანამდე, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთთან არსებული დაძაბულობის გამო, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ აპირებენ ერთობლივად მოიძიონ დამატებითი წყაროები ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის.