აქვს თუ არა საქართველოს ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა – პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული მოლოდინია.
ბრიუსელიდან დაბრუნებული გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ დეკემბრის ბოლოს ევროკომისიის შეფასების მისია ქვეყანაში არ ჩამოვა და პროცესი რამდენიმე თვით გადავადდება. ბოლო პერიოდში რადიკალური განცხადებებით გამორჩეული ვაშაძის მსგავსად, მმართველ გუნდს კანდიდატის სტატუსის მიზანმიმართულად დაბლოკვაში და რეალური რეფორმების ნაცვლად ფორმალური პროცესის წარმართვაში ადანაშაულებენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტზე ცალკე მუშაობდნენ. „არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი“ – ასე დაასათაურა „ქართულმა ოცნებამ“ კამპანია, რომელშიც ოპოზიციის ნაწილს ადანაშაულებს. ევროპელ პარტნიორებთან პირად კომუნიკაციაზე დაყრდნობით მმართველ გუნდს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.