იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – ოპოზიციის მოთხოვნით გამართულმა საპარლამენტო დებატებმა ხმაურიანად ჩაიარა.
დებატებმა მმართველი გუნდი დაარწმუნა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი ბრიუსელში კანდიდატობის პერსპექტივას მიზანმიმართულად ბლოკავს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტების ნაწილისგან ითხოვდნენ ფაქტებს და არგუმენტებს იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რომელთა მიხედვით ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის ნაცვლად რეგრესი აქვს. ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების რიტორიკა უცვლელია. მათი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების ნაწილზე და რამდენიმე ევროპარლამენტარზე თავდასხმები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოსალოდნელ წარუმატებლობას უკავშირდება. იყო მოწოდებები შარლ მიშელის შეთანხმების აღდგენისკენ და პრეტენზიები ორივე მხარის მისამართით, ისტორიული გადაწყვეტილების წინ
ოპოზიციის ნაწილმა მთელ პოლიტიკურ სპექტრს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
თამუნა წიკლაური აშუქებდა დებატებს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა ჯერ კიდევ დასრულებამდე დატოვა.