საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანი ხდება.
ბრიუსელიდან დაბრუნებული გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიასთან ერთად, ერთობლივ წერილს ავრცელებენ და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ 2023 წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატობას დიდი ალბათობით ვერ მიიღებს. თუ მათ დავეყრდნობით, 12 პუნქტის შესრულების შეფასება თებერვლამდე იმ მიზეზით გადაიდო, რომ ევროპელი პარტნიორები სამუშაო პროცესში პროგრესს ამ ეტაპზე ვერ ხედავენ. თუმცა თავად ევროკავშირმა შეფასების ანგარიშის გამოქვეყნება ჯერ კიდევ თვეების წინ მომდევნო წლისთვის დააანონსა. მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილს საქართველოს ევროპული პერსპექტივის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში და პროცესის ხელოვნურად დაზიანებაში ადანაშაულებს. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, ევროკომისიის რეკომენდაციების გარშემო ინკლუზიურის ნაცვლად კვლავ ორი პარალელური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.