დღეს 30 ივნისია – დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ასე ელოდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს და ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე, კიოლნში დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ და ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გადავა. დილიდან ხმაურია კიოლნში, სადაც გასული მატჩების მსგავსად, სტადიონამდე მისასვლელ გზას ქართველი ქომაგები დღესაც მსვლელობით გაივლიან.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს კიოლნში და ახლა პირდაპირ ეთერში ლევან ღუდუშაური ისაუბრებს, რომელმაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი ექსკლუზიურად ჩაწერა.
როგორია მოლოდინები და განწყობა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე?