ევრო 2020 საქართველოს პირველ არხზე

ევრო 2020-ის მეორე სათამაშო დღე „ა“ ჯგუფის გუნდების, შვეიცარიისა და უელსის დაპირისპირებით დაიწყო. დაძაბული მატჩი საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა. „ბ“ ჯგუფში ერთმანეთს დანიისა და ფინეთის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩის 43-ე წუთზე დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მატჩი შეწყდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მან გულის შეტევა გადაიტანა. საბედნიეროდ, დანიელთა სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელის რეანიმირება მინდორზევე მოახერხა და ის საავადმყოფოში გაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. დანიელთა ლიდერმა თანაგუნდელებს საავადმყოფოდან მიმართა და სთხოვა თამაში გაეგრძელებინათ. საათნახევრის დაგვიანებით, თამაში 42 წუთიდან განახლდა. საბოლოოდ, ტურნირის დებიუტანტმა ფინეთმა პოჰიან-პალოს გოლით, სენსაციური გამარჯვება 1:0 მოიპოვა. „ბ“ ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ რუსეთი 3:0 გაანადგურა. რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა. პირველი გოლი კი მან თანაგუნდელ ერიკსენს მიუძღვნა. დღეს ევრო2020-ზე სამი მატჩი გაიმართება – „დ“ ჯგუფში ინგლისი ხორვატიას შეხვდება, ხოლო „ც“ ჯგუფში ავსტრია – ჩრდილოეთ მაკედონიას, ნიდერლანდები კი – უკრაინას დაუპირისპირდება. სამივე შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივარი გადაცემა „ტაიმაუტის“ სპეციალურ გამოშვებებს იხილავს.

სპორტი