ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. “მსურს, შევაქო საქართველო იმ მდგრადი პროგრესისთვის, რომელსაც მან მიაღწია დემოკრატიის გაძლიერებასა და კარგ მმართველობაში, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში. ეუთო მზადაა, მხარი დაუჭიროს ქვეყანას უსაფრთხოების ამ სამივე განზომილებაში“, – ეს განცხადება მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელა. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მხარდაჭერა, მათ დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.