საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიმართულია ჩრდილოეთ მაკედონიისკენ, სადაც ერთდროულად ორი არჩევნები ტარდება. მოქალაქეებმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიონ და მეორე ტურში გადასულ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორისაც არჩევანი გააკეთონ. საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად ქვეყანაში ჩასული საერთაშორისო სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის კოორდინატორი ქართველი დეპუტატია. ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორია. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მისიის წევრებთან ერთად არაერთ საარჩევნო უბანზე პირადად იმყოფებოდა, უკვე ხვალ კი კენჭისყრის მიმდინარეობაზე პრეს-კონფერენციას გამართავს. ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ვარაუდია, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატმა მოქმედ პრეზიდენტთან შედარებით ამომრჩეველთა უფრო მეტი ხმა მიიღო.