ამერიკული დელეგაციის მხრიდან არსებობდა შემოთავაზება, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერილიყო ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს და ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ბრძოლას, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს და არა ქართველებსა და აფხაზებს ან ქართველებსა და ოსებს შორის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ საქართველოსთან დაკავშირებით შესწორებას. ბოჭორიშვილის განმარტებით, კომიტეტის ფარგლებში ეს ტექსტი დამტკიცდა, თუმცა ბოლო მომენტში ჩანაწერი რეზოლუციიდან გაიწვიეს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტიდან ჩანაწერის გაწვევის მიუხედავად, თავად ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია.