ერევანში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მიმდინარეობს. საქართველოდან სესიაში მონაწილეობას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე იღებენ. განხილვის მთავარი თემა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული საკითხებია. სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძემ კი საქართველოში ეუთო-ს პრეზიდენტის ვიზიტზე და ასევე, ჩვენი ქვეყნის რეგიონულ როლზე გაამახვილა ყურადღება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეუთო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მხრივ.
ასამბლეა 18 ნოემბერს დაიწყო და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.