პოლიტიკურ პარტიებში ისევ შეფასებების თემაა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესია, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. მიზეზი ოკუპირებული რეგიონების შესახებ მომზადებული შესწორება გახდა, რომელიც საბოლოო ტექსტში აღარ მოხვდა. მმართველი გუნდისთვის მიუღებელი იყო რუსეთის პოზიციების გამამყარებელი სხვადასხვაგვარი ტერმინები. ასევე, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც გაზრდილ პოლარიზაციას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მიღებულ კანონს და მოახლოებულ არჩევნებს ეხება. ოპოზიციის ნაწილის აზრით, ტექსტი, სადაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, „ოცნებისთვის“ მოსაწონი ვერ იქნებოდა, თუმცა, ისინი სხვა სადაო ჩანაწერებს რეზოლუციაში ვერ კითხულობენ. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მთავარი დამაბრკოლებელი თავად მმართველი პარტიაა. ეუთო-ს საპარლამენტო სესიაზე დელეგაციის წევრებს საბოლოო, შემაჯამებელი დოკუმენტისთვის ხმა არ მიუციათ. დოკუმენტში დარჩა ჩანაწერები სხვა ისეთ სადაო პუნქტებზე, როგორიცაა არჩევნები და პოლარიზაცია, თუმცა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ინიციატორმა ამერიკულმა დელეგაციამ ჩანაწერი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უკან გაიწვია.