რუმინეთიდან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება პოლონეთისკენ ინაცვლებს.
ქალაქ ლოძში ეუთო-ს მინისტერიალი ტარდება. მას არ ესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც მასპინძელმა ქვეყანამ სესიებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. თავის მხრივ რუსეთის პირველი დიპლომატი პოლონეთს, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. ბუნებრივია, განხილვის მთავარი თემა უკრაინის ომი და თებერვლის შემდეგ მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოა. საკმაოდ მწვავე იყო ეუთო-ს გენერალური მდივნის გამოსვლა რუსეთის მისამართით. ქალაქ ლოძში კონკრეტული გზავნილებით ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც. ჯოზეფ ბორელი უსაფრთხოების ახალი წესრიგის შექმნის და ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. ეუთო-ს მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.