პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს მიღებული სადავო კანონის გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება და ახალ ფაზაში გადადის.
საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებაზე და მის ნაცვლად ორი სამსახურის შექმნაზე. ხელისუფლების მიმართ საკუთარი ბრალდებების გასამყარებლად ოპოზიცია ამჯერად ეუთო/ოდირის იმ პასუხს იშველიებს, რომელიც ორგანიზაციამ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ გამოგზავნა. ომბუდსმენმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ინსტიტუტს სამართლებრივი შეფასებების გაზიარება სთხოვა ხმაურის ფონზე დამტკიცებულ კანონზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მედიისთვის შეფასებების ამსახველი დასკვნა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა როგორც ნინო ლომჯარია ამტკიცებს, ნაჩქარევად და მხარეთა ჩართულობის გარეშე წარმართული პროცედურების გამო ეუთო/ოდირი მიღებული კანონის შეჩერების რეკომენდაციით გამოდის. გიორგი კობერიძე არკვევდა, გადაიხედება თუ არა სადავო კანონი, რომელმაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფუნქციები ერთმანეთისგან გამიჯნა.