ეუთო/ოდირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, დასკვნას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, „საქართველოს ახლად დამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთო-ს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს“.
დასკვნის თანახმად, „კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს განსაზღვრავს, როგორც ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ უცხო ძალის ინტერესებს უცხოეთიდან დაფინანსების მისაღებად, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებით დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს“.
ოდირის დასკვნაში ასევე აღნიშნულია ძირითადი განსხვავებები ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია საქართველოში ახალ კანონთან დაკავშირებით. მაგალითად, დასკვნის მიხედვით, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი მიზნებითა და გამოყენების სფეროებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საჯაროდ დარეგისტრირებულნი იყვნენ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებასა ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, ისინი არ მოიხსენიებენ ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას, როგორც უცხოურ წარმომადგენელს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან“, – ნათქვამია დასკვნაში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები, რათა ეს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს.