„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო უბნებზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

პარტიის წარმომადგენლებმა, ხატია დეკანოიძემ და ანი წითლიძემ დღეს ქუთაისსა და ზუგდიდში ბრიფინგები გამართეს და აღნიშნეს რომ საარჩევნო უბნებზე ინვენტარის განთავსება იმგვარად ხდება, რომ დამკვირვებლებს მუშაობის შესაძლებლობა არ ექნებათ. მათი თქმით, იმისათვის რომ საარჩევნო პროცესი სრულფასოვნად ჩატარდეს, დამკვირვებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველა მხრიდან დააკვირდნენ რეგისტრატორს.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს დღეს ცესკო-ს თავმჯდომარემ უპასუხა. გიორგი კალანდარიშვილიც განცხადებით, საარჩევნო უბნები საჯარო სკოლებსა და ბაღებში არის განთავსებული, ზოგ შემთხვევაში კი ცესკო-მ გარკვეული სივრცეები იქირავა. მისი თქმით შესაძლოა ყველგან არ არის საშუალება ათობით და ასობით დამკვირვებლის განთავსების, მაგრამ ინსტიტუციამ ყველაფერი გააკეთა რათა სტანდარტების დამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურული სივრცეები მოეპოვებინათ.