ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა. 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „ჰამასმა“ 251 ადამიანი გაიტაცა, 97 მათგანი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ დროის განმავლობაში დაღუპულია 41 ათასზე მეტი პალესტინელი. ორ მილიონამდე ადამიანი კი, იძულებით გადაადგილებული პირია. ისრაელი გაჩერებას არ აპირებს და ღაზის ცენტრალურ ნაწილში ჯაბალიას მიდამოებში მორიგი მასშტაბური სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო. ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ მებრძოლები გადაჯგუფებას ცდილობდნენ. სახმელეთო ოპერაციას წინ უძღოდა სარაკეტო და საარტილერიო იერიში, რომლის სამიზნეც „ჰამასის“ ობიექტები გახდა, მათ შორის საბრძოლო მასალების საწყობი, გვირაბების ქსელი და ინფრასტრუქტურა. პალესტინური მხარე ინტენსიური დაბომბვის შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ იუწყება. მათ შორის მეჩეთის სიახლოვეს, სადაც დაღუპულია 5 და დაშავებულია 20 ადამიანი. ისრაელმა ბეირუთში დაბომბა ჰეზბოლას ობიექტებიც. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთში ჰუმანიტარულ ზონას აფართოებენ, სადაც ჩრდილოეთიდან მოქალაქეების სრული ევაკუაცია მოხდება. თავდასხმები გრძელდება ლიბანის მხრიდანაც, რომელმაც რაკეტები და დრონები ისრაელის ჩრდილოეთ დასახლებების მიმართულებით გაუშვა, ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი რაკეტა და სამი დრონი გაანეიტრალა.