ერთი წელი ისტორიული განაცხადიდან.
2022 წლის 3 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან მალევე საქართველომ ბრიუსელში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაგზავნა. გადაწყვეტილება, რომელიც 2024 წლისთვის იყო გათვალისწინებული, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ დააჩქარა. ისტორიულ ნაბიჯს ევროკომისიიდან თვითშეფასების კითხვარის გადმოცემა მოჰყვა, რომელიც ორ ნაწილად შეივსო. თუმცა, მთავარი გადაწყვეტილების, ანუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინი, მოლდოვასა და უკრაინისგან გასხვავებით, საქართველოსთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა. ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის აღიარება და სტატუსის ნაცვლად მის მოსაპოვებლად საჭირო 12 დავალება მიიღო. განაცხადის წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ ხელისუფლება მთავარი კონსტიტუციური მიზნის მიღწევაში, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებაში დარწმუნებულია და პოზიციას კონკრეტული რეფორმებით ამყარებს. განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებიც ფასადური რეფორმების და ხმაურიანი კანონპროექტების არგუმენტით 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან კანდიდატობაზე უარს ელოდებიან.