ერთი წელი 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან.
2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირი მედიაზე ძალადობის და აგრესიის ეპიცენტრად იქცა. 53 ნაცემი და დაზარალებული ადამიანი მედიიდან, წარმომადგენლებს შორის, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, დევნა, დამამცირებელი მოპყრობა და დამტვრეული ტექნიკა – ამ შედეგით დასრულდა შეტევა და ძალადობა მედია-საშუალებებზე, რომლებიც ცენტრალურ გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად და „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი მარშის მოწინააღმდეგეთა აქციის გაშუქებას ცდილობდნენ. თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა. ძალადობრივ მოვლენებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. გამოძიების პროცესის მიმართ ახლაც არაერთი პრეტენზია აქვთ არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და ოპოზიციას, რომლებიც ხელისუფლებას ერთი წლის წინანდელი ძალადობრივი ქმედებების წაქეზებაში ადანაშაულებენ. დანაშაულის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვალების გარემოებების გამოძიება, ერთი წლის თავზეც მთავარ მოთხოვნად რჩება.